თელავი ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როცა იგი კახეთ-ჰერეთის სამთავრო ცენტრი გახდა. XII საუკუნეში თელავი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, მისი მნიშვნელობა დაეცა, მოგვიანებით თელავი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI საუკუნეებში ქალაქი ისევ დაწინაურდა. ირანის შაჰის აბას I ლაშქრობებმა მისი განვითარება კვლავ შეაფერხა. XVII საუკუნის 60-იან წლებში თელავს ხელსაყრელი პირობები დაუდგა. კახეთის მეფემ არჩილ II ისარგებლა ხანმოკლე მშვიდობიანობით, აქ სამეფო სასხლე ააგო და თავისი რეზიდენცია 1672 წ. გრემიდან თელავში გადაიტანა.
თელავის ისტორიაში გაბსაკუთრებული ადგილი ერეკლე II მეფობის ხანას (1744-1789 წწ.) ეკუთვნის.
ერეკლე II-ის ძირეულმა რეფორმებმა, რომელიც შეეხო ქვეყნის ცხოვრების ყველა მხარეს, პრინციპულად შეცვლა ქართლ-კახეთის, უფრო მოგვიანებით კი – მთელი საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორიენტაცია.
V-VI ააუკუნეების ნაგებობათაგან თელავში საინტერესოა უძველესი არქიტექტურული ძეგლი “ღვთაების ეკლესია”.
აღსანიშნავია გაერთიანებული ჰერეთ-კახეთის პირველი მეფის კვირიკეს მიერ აშენებული, “ძველ გალავნად” წოდებული სასახლის ნაშთები. ის მდებარეობს დაბახანების ხევისა და თელავის ხევს შორის მაღალ ბორცვზე. ციხის შიგნით მდებარეობს პატარა ეკლესია “გორის ჯვარი”. ციხე-სიმაგრის ტერიტორიის ფართობი საკმაოდ დიდია.
|